ვერდის ფესტივალი წელს თბილისში ჩატარდება. ინფორმაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ავრცელებს.
უდიდესი იტალიელი კომპოზიტორის - ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მილიონობით მელომანს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს კი პირველად ვერდის ფესტივალი სცდება იტალიის საზღვრებს და ჩატარდება საქართველოში. ეს უპრეცედენტო მოვლენაა.
2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის 3 წლიანი ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურულ ურთიერთ თანამშრომლობას ითვალისწინებს, მხარს უჭერს იტალიის სენატი და მთავრობა. ფესტივალი ტარდება Check in Georgia-ს ფარგლებში.
16 აგვისტოს - "ბალ-მასკარადის" პრემიერა გაიმართება თბილისის ოპერის თეატრში. ეს არის ტეატრო რეჯიო დი პარმას დადგმა.
23 აგვისტოს - არენა დი ვერონას "აიდა" ბლექ სი არენას სცენაზე შესრულდება. გარდა იმისა რომ არენა დი ვერონას სპექტაკლი პირველად ჩამოდის საქართველოში, ბლექ სი არენაზე პირველად დაიდგმევა საოპერო სპექტაკლი.
25 აგვისტოს კი ბლექ სი არენაზე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გალა კონცერტს გამართავენ.
ფესტივალის პარტნიორია ევროპის უდიდესი კერძო მედია კომპანია Mediaset S.p.A (მფლობელი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი), რომელიც ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. მრავალი პრიზის მფლობელი გადამღები ჯგუფი საქართველოში ჩამოვა სრული ტექნიკური აღჭურვილობით და უზრუნველყობს ფესტივალისა და ქვეყნის გაშუქებას უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. Mediaset-ი გააშუქებს არა მხოლოდ ფესტივალს, არამედ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც ისტორიულ ძეგლებს, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებს, რათა მაქსიმალურად წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალი.
პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს კულტურის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბება, ხელს შეუწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში, საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას მსოფლიოში, Black Sea Arena - ს პოპულარიზაციას, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კი მისცემს შესაძლებლობას იხილონ მსოფლიოს წამყვანი თეატრების მაღალი ხარისხის პროდუქცია.