იწყება ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა. ფილმების მიღება ეროვნულმა კინოცენტრმა 2 ივლისს დაიწყო. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2019 წლის 26 ივლისი.
შემოსული ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება იგეგმება ივლისის ბოლოს.
შეგახსენებთ, რომ წელს ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით "ოსკარის" უცხოენოვანი ფილმის ნომინაციას სახელი შეეცვალა და მას საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაცია დაერქვა.
განაცხადის მისაღებად აუცილებელია ფილმი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
♦ 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 სექტემბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში;
♦ უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);
♦ კინოთეატრში გამართულ პრემიერამდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით;
♦ შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;
პირობები:
♦ განაცხადში ფილმის მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს და მას აქვს უფლება და სურვილი, წარმოადგინოს ფილმი განსახილველად;
♦ მწარმოებელმა განაცხადს უნდა დაურთოს ფილმის ასლი DVD/BluRay ან DCP ფორმატში ინგლისური სუბტიტრებით. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ. DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში;
♦ წარმოდგენილი ფილმის ვერსია უნდა შეესაბამებოდეს კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს;
♦ განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასევე საყურადღებოა:
იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2019 წლის 30 სექტემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს -- დავით ვაშაძეს (D.Vashadze@gnfc.ge).