საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სოსო ლიპარტელიანი დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამართულ აღმასკომის სხდომაზე ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა მიიღეს. ლიპარტელიანის კანდიდატურას აღმასკომის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სხდომის დასრულების შემდეგ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება ლიპარტელიანის წარმატებული სამწვრთნელო კარიერით ახსნა.
"ახალგაზრდულ ნაკრებთან რამდენიმეთვიანი მუშაობითა და მიღწეული წარმატებებით სოსო ლიპარტელიანმა დაამტკიცა, რომ ძლიერი მწვრთნელია", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ლიპარტელიანის განმარტებით, იგი მთავარ აქცენტს ახალგაზრდა სპორტსმენებზე გააკეთებს.
"მნიშვნელოვანი იქნება ნაკრებში დისციპლინის საკითხიც", - განაცხადა ლიპარტელიანმა.
დღესვე ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ოფიციალურად დააკმაყოფილა ფედერაციის პრეზიდენტის, დილარ ხაბულიანის განცხადება გადადგომის შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ფედერაციის ახალ პრეზიდენტს წლის ბოლომდე აირჩევენ, მანამდე კი პრეზიდენტის მოვალეობას ხაბულიანის პირველი მოადგილე, გიორგი ალექსიძე შეასრლებს.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ამირან ტოტიკაშივლი ტოკიოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადადგა. როგორც ცნობილია, ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ცირეკიძე დაგვიანების გამო გათამაშებიდან მოხსნეს.