თურქეთში ერდოღანის პარტიის 25-წლიანი მმართველობის შემდეგ, სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გაიმარჯვა.
დათვლილია ხმათა 100 პროცენტი, რომლის მიხედვით ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ერქემ იმამოღლუმ 54,0 %-ი მიიღო და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს, ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დაახლოებით 775 000 ხმით მოუგო. ბინალი ილდირიმმა დამარცხება უკვე აღიარა.
შეგახსენებთ, მარტში თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის ხელახალი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. განმეორებითი არჩევნები სტამბოლში 23 ივნისს დაინიშნა.
31 მარტს თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა.თურქეთის ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ერქემ იმამოღლუმ სტამბოლის მერის არჩევნებში გაიმარჯვა.
მან მთავარ მოწინააღმდეგეს თურქეთის მმართველი, "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" წარმომადგენელს, ქვეყნის ექს-პრემიერს ბინალი ილდირიმს 25 755 ხმით მოუგო.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" სტამბოლის არჩევნებში წაგებას მშვიდად არ შეხვედრია. პარტია არჩევნების ჩატარების დღიდან სტამბოლის მერის არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვდა.
პარტიის თავმჯდომარის მოადგილის ალი იჰსან იავუზის თქმით, მათი მოთხოვნა 31 მარტის არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარი მრავალრიცხოვანი დარღვევებით არის მოტივირებული.