თბილისმა რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს პროვოკაციისთვის რუს დეპუტატების მიმართ, რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიაში მონაწილოებდნენ, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა.
„საქართველომ რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს რუსი პარლამენტარების მიმართ პროვოკაციისთვის. არეულობების პერიოდში საქართველოში ნებისმიერი საერთაშორისო ღონისძიბებისგან თავი უნდა შევიკავოთ", - აღნიშნა ჯაბაროვმა.
ამასთან, ის ასამბლეადან საქართველოს გარიცხვის მომხრე არ არის. „ჩვენ არ უნდა შევლახოთ ქართველი მართლმადიდებლების ინტერესები. პროვოკატორების ქმედებები საქართველოს მტრებს აძლევს ხელს", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გაუძღვა, რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.
გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. მოგვიანებით, სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიცია ითხოვს პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღოს და თანამდებობდა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 19 ივნისის ღონისძიებაზე სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოვიდა. სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.