რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, მთელი ღამის განმავლობაში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. ამჯამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პარლამენტის შენობის წინ პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
შეტაკება რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
ხელისუფლებამ აქცია გაზით, წყლის ჭავლითა და რეზიტის ტყვიებით დაშალა. აქციის დაშლა პოლიციამ გამთენიისას დაასრულა.
20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეების დარბევის დროს სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა განმარტავს, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, ორს კი, უტარდება ოპერაცია.
საზოგადოების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეა:
„რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია! და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?.
პარლამენტში მომხდარზე განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ უმძიმესი სანახავი იყო პარლამენტის მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა.
„სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!"
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ქცევა პროტოკოლურ შეცდომად შეაფასა.
„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება“
„რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში მომხდარს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინო ფაქტი:
"რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მით უმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას!“, - წერს ღარიბაშილი.
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს.
მოქალაქეებმა პარლამენტის წინ შეკრება დაიწყეს. ისინი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ.
გვიან ღამით, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციამ ანტიკოსტიტუციური ხასიათი მიიღო. პარტიის გენერეალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ
„ის რაც პარლამენტის წინ ხდება, გასცდა პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა ანტიკონსტიტუციური ხასიათი „- კახი კალაძე. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც: ბოლო 2 საათის განმავლობაში რასაც ვადევნებთ თვალს ეს არის ძალადობა.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს"
აქციის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რეზინის ტყვიები და გაზის გაშვება არ იყო "ქართული ოცნების" ხელწერა, თუმცა ამ განცხადებიდან სულ მალე, სამართალმდაცავებმა აქციის მონაწილეების დარბევა რეზინის ტყვიებითა და გაზით დაიწყეს. მოგვიანები კი წყლის ჭავლიც გამოიყენეს.
აქციის დაშლის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. რომ სამართლებრივი შეფასება მიეცემა დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერთა ქმედებებს, რომლებმაც კანონი დაარღვიეს. მანვე პირობა დადო, რომ პასუხს მოთხოვენ თავიანთი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა კრიზისული ვითარება.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია.
19 ივნისის ღონისძიებაზე სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოვიდა. სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.