ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
"ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა - შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი, უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვნდნენ გუნდის წევრებს", - განაცხადა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს.
"პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით", - თქვა ბახტაძემ.
მისივე თქმით, გუნდის წევრებს, რომელთა შეცდომების გამო კრიზისული ვითარება შეიქმნა, მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე
"ხვალ, რასაკვირველია, პროცესები გაგრძელდება - ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე. იმავდროულად, ჩვენ ყოველი მიზეზის გარეშე უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია", - განაცხადა ბახტაძემ.