არ გვჭირდება გარედან გადმოტანილი, დაკოპირებული ახალი დაპირისპირებები - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის კანცელარიასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, რელიგიური კუთვნილებისა და სექსულუტი ორიენტაციის მიუხედავად არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული.
"მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს, რომ მე ვარ ამავე დროს პრეზიდენტი იმ ადამიანების, რაც უნდა იყოს მათი რელიგიური მიმართულება, მათი სექსუალური ორიენტაცია. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მე ვთვლი, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული.
თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მე არ ვეთანხმები რაღაცა პროვოცირებას დაპირისპირების არცერთი მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა ის რაც თავისი დაპირისპირებები აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან გადმოტანილი, დაკოპირებული ახალი დაპირისპირებები", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
გუშინ, 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, პარალელურად ორი აქცია გაიმართა.
თავდაპირველად, მთავრობის შენობასთან აქცია 19:00 საათზე „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დაანონსეს, მას შემდეგ რაც საპატრიარქომ 18-23 ივნისს ლგბტ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება.
„თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული აქციის გამართვამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ თბილისში ლგბტ პრაიდის გამართვას.
მოგვიანებით, კონტრაქციის ორგანიზატორებმა მედიასთან განაცხადეს, რომ მათი მიზანი „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო. აქციის განმავლობაში კონტრაქციის მონაწილეები შეურაცხყოფას აყენებდნენ პარალელური აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, მათ მხარდამჭერებს, ჟურნალისტებს, ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურადაც ეხებოდნენ მათ.
გვიან ღამით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.