აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტერეზა მეისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ აშშ-სა და ბრიტანეთს ერთმანეთთან ყველაზე დიდი პარტნიორობა აკავშირებთ, "რაც კი მსოფლიოში უნახავთ".
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ბრიტანეთთან "ფენომენალურ" სავაჭრო გარიგებას დადებს, მას შემდეგ, რაც ის ევროკავშირს დატოვებს.
ტრამპმა შეაქო ტერეზა მეის მიერ გაწეული სამუშაო ბრექსიტის მოლაპარაკებების პროცესში და დასძინა, რომ ბრიტანეთის პრემიერი მასზე უკეთესი მომლაპარაკებელია.
"ბრექსიტი ალბათ მოხდება და უნდა მოხდეს კიდეც, რადგან დიდი ბრიტანეთი დიდებული, დიდებული ქვეყანაა და მას სურს საკუთარი იდენტობის შენარჩუნება", - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასმულ შეკითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთება ბრიტანეთში მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ აქციები იყო „ძალიან პატარა" და "ყალბი ახალი ამბები".
ტრამპის განცხადებით, ორ ქვეყანას შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთს ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია Huawei-სთან დაკავშირებით აშშ-სგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ლონდონში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვდა ბრექსიტის პარტიის ლიდერს ნაიჯელ ფარაჯს.
შეხვედრის შემედგ ნაიჯერ ფარაჯმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან "კარგი შეხვედრა" შედგა და ტრამპს "ღრმად სწამს ბრექსიტის".
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით დიდ ბრიტანეთს გუშინ, 3 ივნისს ეწვივნენ.