კახეთში ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს 18 - 20 თეთრად იბარებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ტარიელ გაბუნიამ განუცხადა, ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს ორი ღვინის ქარხანა იბარებს, ყვარელში და ახალსოფელში.
გაბუნიას თქმით, ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი დასაბინავებელი არ დარჩება.
წელს კახეთში 4 335 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის ყველაზე მეტ მოსავალს, 1581 ტონას ახმეტის რაიონში ელოდებიან. გურჯაანში 475 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი, დედოფლისწყაროს რაიონში 155 ტონა, ყვარელში 600 ტონა, სიღნაღის რაიონში 90 ტონა, თელავის რაიონში 696 ტონა და საგარეჯოში 738 ტონა.
გასულ წელს ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი გურჯაანში სახელმწიფო საწარმომ „რთველი - 2008" 10-15 თეთრად ჩაიბარა. ჰიბრიდული ჯიშის ყურძენზე სუბსიდია არ გაიცემა.