საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყების ზუსტი თარიღი და განხილვის ვადები კვლავ უცნობია. წინა კვირას გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კვირაში გაიმართებოდა რიგგარეშე სესია, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი პირველი მოსმენით იქნებოდა მიღებული, მაგრამ განხილვის დაწყების თარიღის დაკონკრეტება კიდევ ვერ ხერხდება და ისევ უცნობია, მიმდინარე კვირას გაიმართება თუ არა რიგგარეშე სესია.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომას თავმჯდომარეობდა, მხოლოდ ის განაცხადა, რომ პარლამენტი მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად, თუმცა კონკრეტული თარიღი მას არც ბიუროს სხდომაზე დაუსახელებია და ვერც ბიუროს შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგშია გათვალისწინებული. ამ კვირას კი, სავარაუდოდ, ცვლილებების საკომიტეტო განხილვები გაიმართება.
საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ბიუროს სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი დაელოდება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და მეორე მოსმენით განხილვა მხოლოდ ამ დასკვნის გამქოვეყნების შემდეგ მოხდება.