საქართველოს პრეზიდენტო მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზიის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და კანადის პირველ პირებთან შეხვედრები. ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დებატებში მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გარდა ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს აქვს დაგეგმილი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაცია, რომელიც გაეროს 65-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას ნიუ-იორკში უკვე ჩავიდა. დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.
მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მოხსენებით 23 სექტემბერს წარსდგება და ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, საქართველოს სამშვიდობო გეგმების და დეოკუპაციის საკითხებზე. ასევე, რეგიონალურ თანამშრომლობასა და უსაფრთხოებაზე.
გაეროს 65-ე გენერალური ასამბლეა 160-ზე მეტ საკითხს განიხილავს. საკითხთა ჩამონათვალი ასამბლეის წინასწარ დღის წესრიგშია შეტანილი.
მათ შორისაა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე გარემოს დაცის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხები.
23 სექტემბერს გაეროში დაიწყება სახელმწიფოს მეთაურების პოლიტიკური დისკუსია, რომელიც 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
20-22 სექტემბერს კი გაიმართება გაეროს სამიტი, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნებს მიეძღვნება.
შეგახსენებთ, რომ გენერალური ასამბლეა გაეროს სათათბირო ორგანოა. მასში გაერთიანებულია გაეროს წევრი ყველა სახელმწიფო და ყოველ მათგან აქვს ერთი ხმა.