შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ არჩევნების პერიოდში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ბრიფინგი გამართა.
„დღეს მიმდინარე შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.
მოვუწოდებთ ყველას, დაიცვას კანონი, რათა შენარჩუნებულ იქნას მშვიდი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, თავისუფლად გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ თითოეულ ინციდენტზე. ყველა სამართალდარღვევა იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი. ამ ეტაპზე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა.
ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილებზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკვე განხორციელდა საპოლიციო ძალების გადანაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს პროცესი, საჭიროების მიხედვით, დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ყველა შესაძლო ინციდენტი, როგორც უბანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე დროულად იქნეს აღკვეთილი.„ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.