„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს," - ეს განცხადება ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმარამდენიმე წუთის წინ, ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. მან საკუთარი არჩევანი ზუგდიდის 82 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის და ნეპოტიზმის ნაცვლად, მთავარია ადამიანებზე ზრუნვა, სადაც არის განვითარება, სადაც იქნება დასაქმება, დაცულ, თავისუფალ გარემოში. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ დიდ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს დიდი პასუხისმგებლობა. მე ხმა მივეცი ასევე ნათელ ევროპულ მომავალ ზუგდიდში,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის და მას საზოგადოება მხარს დაუჭერს.
დღეს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. ამას გარდა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება.