18-19 მაისს გოლფში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატი 18 მაისს, 11:00 საათზე გაიხსნება. ჩემპიონატს, რომელსაც ‘Tbilisi Hills Golf Club’ (სოფელ თელეთისა და შავნაბადის მთის მიმდებარე ტერიტორია) უმასპინძლებს, 30-მდე მოყვარული მამაკაცი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
დასკვნით დღეს გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე ოთხეული, რომელიც აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზებს. ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება. საქართველოს გოლფის ფედერაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო 2015 წლიდან - ‘R&A’ -ის (Royal and Ancient Golf Club of St Andrews) წევრია.
საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
სპონსორები: კომპანია „თბილისი ჰილს“, 'Paul', „აჭარაბეთი“, 'Massimo Dutti', 'KFC', „ზედაზენი“.