საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო.
პირველ წრეში ბასილაშვილი შეხვდა უნგრელს მარტონ ფუჩოვიჩს (36) და ორ სეტში მოიგო - 6:1, 7:6. მატჩი ერთ საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.
მატჩის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ხუთი ბრეიკ პოინტის რეალიზება შეძლო, ხოლო თავისი ჩაწოდება სულ ორჯერ დათმო.
რომში ტურნირის მეორე წრეში გასვლამ ბასილაშვილს 45 სარეიტინგო ქულა და 33,5 ათასი ევრო მოუტანა.
მომდევნო რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი მიხაილ კუკუშკინის (ყაზახეთი) - ლასლო დიარეს (სერბეთი) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.
Internazionali BNL d"Italia 19 მაისამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 5 მილიონ 207 ათას ევროს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებული რაფაელ ნადალია.