დღეს, 18 სექტემბერს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართება. სხდომაზე ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის, ირაკლი ცირეკიძის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნის საკითხს განიხილავენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილის განცხადებით, ცირეკიძის შეჯიბრებიდან მოხსნის პასუხისმგებლობა ქართული დელეგაციის ყველა წევრმა უნდა გაიზიაროს.
მისი თქმით, კომიტეტს გადაეგზავნება რეკომენდაციები და შენიშვნები, რის შემდეგაც კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რა სახის სანქციები დაწესდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი, ირაკლი ცირეკიძე (100 კგ-მდე წონით კატეგორიაში) შეხვედრაზე დაგვიანების გამო მსოფლიოს ჩემპიონატის გათამაშებიდან მოხსნეს.
ტოკიოში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატში ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ ორი შეხვედრაც მოიგო - ჯერ უკრაინელი არტიომ ბლოშენკო დაამარცხა, შემდეგ უზბეკი რამზიდ საიდოვი. მისი მორიგი მეტოქე ორეიდის დესპანიე იყო, თუმცა ცირეკიძე საჭიდაო ტატამზე არ გასულა.