საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 1 მაისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
წლის დასაწყისიდან, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ირგვლივ მოძრაობდა. მარტში წლიურმა ინფლაციამ 3.7 პროცენტი შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ერთჯერადმა ფაქტორებმა შეიტანა. კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი მარტის წლიურ ინფლაციაში 1.3 პროცენტული პუნქტი იყო. არსებული პროგნოზებით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია, ერთჯერადი (ეგზოგენური) ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, მიზნობრივი დონისკენ იმოძრავებს. ხაზგასასმელია, რომ მონეტარული პოლიტიკა ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია და, როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ეგზოგენურ (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელ) ფაქტორებზე არ რეაგირებენ.
საგარეო რისკების შენელებასთან ერთად, 2019 წლის პირველ კვარტალში ეროვნულმა ბანკმა განაგრძო ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის (პოლიტიკის ნორმალიზაციის) პროცესი, რომელიც გასული წლის ივლისში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ჩამორჩება მის პოტეცნიურ დონეს, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის ნორმალიზაცია ეტაპობრივად განხორციელდება. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორების თანახმად, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. საკრედიტო აქტივობა ზომიერად იზრდება (მარტში წლიური 13 პროცენტი, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). წლის პირველი თვეების განმავლობაში გრძელდება სამომხმარებლო დაკრედიტების შემცირება, თუმცა, ამავე დროს, სახეზეა ლარით იპოთეკებისა და ბიზნესის დაკრედიტების გააქტიურება.
საგარეო მოთხოვნა ზომიერ ზრდას განაგრძობს. კერძოდ, პირველ კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 13 პროცენტით გაიზარდა. ამავე პერიოდში ზომიერად არის გაზრდილი ტურიზმიდან შემოსავლები (5 პროცენტი) და ფულადი გზავნილები (6 პროცენტი). აღსანიშნავია მიმიდინარე წლის პირველ კვარტალში საქონლის იმპორტის 5 პროცენტიანი კლება. საგარეო სექტორის მიმდინარე დინამიკა 2019 წელსაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 12 ივნისს გაიმართება.