კოტე მარჯანიშვილის განახლებულ სახლ-მუზეუმში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ. შაბათს, 18 სექტემბერს, 15:00 საათზე ქ. ყვარელში მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში ცერემონია უკვე მესამედ გაიმართება
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 80-იან წლებში შემოღებულ იქნა პირველკურსელთა ფიცის დადების რიტუალი. სტუდენტები ფიცს დებდნენ, რომ ერთგულად ემსახურებოდნენ სამშობლოს და როგორც პროფესიონალები, დაიცავდნენ ქართული ეროვნული კულტურის ტრადიციებს.
ფიცის დადების ცერემონია პირველ ხანებში თელავსა და ყვარელში კოტე მარჯანიშვილის სახლის მარანში ტარდებოდა. რიტუალის დროს რომელიმე ცნობილი მოღვაწე ახალბედა სტუდენტებს სახეზე უსვამდა გრიმს, როგორც გარდასახვის სიმბოლოს.