პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან გვიანობამდე იმყოფებოდა საფრანგეთს პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონმა პარიზის საკათედრო ტაძრის აღდგენის პირობა დადო და სპეციალურ ფონდში თანხის მობილიზება დაანონსა.
"ნორტ-დამი არის ჩვენი ისტორია, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი სულის ნაწილი. ადგილი, სადაც ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ომები, ეპიდემიები თუ გათავისუფლება მიმდინარეობდა. ის ჩვენი ცხოვრების ეპიცენტრს წარმოადგენს. ნოტრ-დამი იწვის და მე ვიცი, რა მწუხარებას და მღელვარებას განიცდის ახლა ბევრი ჩვენი თანამემამულე. თუმცა, დღეს მინდა ასევე ვისაუბრო იმედზე. მოდით ვიამაყოთ, რომ 800 წლის წინ ეს ტაძარი ავაშენეთ და საუკუნეების მანძილზე ის გაფართოვდა და გაუმჯობესდა. დღეს მე დარწმუნებით ვაცხადებ, ჩვენ ერთად აღვადგენთ ნოტრ-დამს,”-განაცხადა მაკრონმა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა. მომხდარზე გამოძიება დაუდევრობის შედეგად ზიანის მიყენების მუხლით არის აღძრული.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც სახანძრო სამსახურში განაცხადეს, ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება.ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 აპრილს, საღამოს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი წაეკიდა. ხანძრის შედეგად ჩამოიშალა ტაძრის სამრეკლო და ჭერი. ხანძარს 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.