Standard&Poor’s-მა საქართველოს 2011 წლის შემდეგ პირველად გაუუმჯობესა რეიტინგის პერსპექტივა, რაც უდაოდ მისასალმებელი ფაქტია და წარმოაჩენს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის: ადგილობრივი და გარეშე შოკებისადმი მდგრადობის, ინსტიტუციური განვითარების, საერთაშორისო რეზერვების და სახელმწიფო საგარეო ვალის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების, რეფორმების წარმატებულობის და სხვა მრავალი კუთხით. ამასთან ერთად ორგანიზაცია მზაობას გამოთქვამს გააუმჯობესოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგიც ექსპორტის და სავალუტო რეზერვების მაჩვენებელის შემდგომი ზრდის შემთხვევაში, რაც მიუღწეველი პირობა ნამდვილად არ გახლავთ," - ასე შეაფასა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის Standard&Poor’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესების ფაქტი.
ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, წარმატებებთან ერთად "Standard&Poor’s-ი ქვეყნის სუსტ მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის იმპორტდამოკიდებულებასა და აგრეთვე, მცირე დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტზე, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდქუციაზე მოდის, სადაც თავის მხრივ მოსახლეობის ძალიან დიდი წილია დასაქმებული (დაახლოებით 40 პროცენტი) სამწუხაროდ არაეფექტიანად. ანგარიშში ნათქვამია რომ მსგავსი საკითხები აფერხებს ქვეყნისთვის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას. ანგარიშში ყურადღება აგრეთვე გამახვილებულია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზეც, თუმცა მიჩნეულია რომ მათი ესკალაციის წინაპირობა არ არსებობს და დამატებით რისკებს ქვეყანა ამ მხრივ არ უნდა ელოდოს. "რეიტინგებში წინსვლის გარეშე ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არის შეუძლებელი. Standard&Poor’s-ი და მსგავსი დონის სხვა რეიტინგები ასახავენ და დიდწილად განაპირობებენ საქართველოს დღევანდელ დღეს და მის მომავალსაც," - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.