შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ჯ.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ჯ.ქ.-მ საბურთალოს რაიონში, ღამის საათებში 12 ავტომანქანის საქარე მინები დააზიანა და ავტომობილში არსებული ნივთები მოიპარა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯ.ქ. დააკავეს. დაკავებულმა მის მიერ, 8 ოქტომბერს აფრიკის დასახლებაში ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარა.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.