ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს საელჩოსა და „ატლანტიკური საბჭოს" ორგანიზებით საქართველოს პარლამენტარიზმის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ პირველი ქართული პარლამენტის მნიშვნელობასა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში პარლამენტარიზმის წვლილზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ პირველი ქართული პარლამენტი საქართველოს ეროვნულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. 1918-1921 წლების საქართველოს რესპუბლიკა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა დიდ წილად სწორედ გამორჩეული პარლამენტის წყალობით. ასამბლეის 130 წევრიდან 23 პარლამენტარი (18%) ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენდნენ. უფრო მეტიც, საქართველოს პირველსავე პარლამენტს 5 ქალი პარლამენტარი ჰყავდა, მაშინ როდესაც დასავლეთის სახელმწიფოების დიდ ნაწილში ქალებს ჯერ კიდევ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი აქ ჰქონდათ მიღებული.
ღონისძიების ფარგლებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 100 წლის ისტორია საგამომცემლო სახლმა „სახე(ლ)ებმა" წარმოადგინა, რომელმაც New York Times-ის საერთაშორისო მედია პროექტი - Turning Points Global Agenda - Georgia წარადგინა. გამოცემის თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობებია და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში საგამომცემლო სახლმა ის ადამიანები დააჯილდოვა, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ საქართველო-ამერიკის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში.
დაჯილდოებულთა შორის იყვნენ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები კონგრესმენები ჯერი კონოლი და ტედ პო, ჰერიტიჯის ფონდის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი ლიუკ კოფი, საერთაშორისო კერძო ინვესტიციების კორპორაციის მმართველი დირექტორი კენეთ ენჯელი, კონგრესის ბიბლიოთეკის საქართველოს მკვლევარი პოლ ქრეგო, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო-ს სახელით პრეზიდენტი მამუკა წერეთელი და ამერიკის ხმის ქართული რედაქცია, რომელსაც რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე წარმოადგენდა.
ღონისძიებას კანონმდებლები, რეგიონის მკვლევარები და საქართველოდან ჩასული სტუმრები დაესწრნენ.