„ეკონომიკაზე მითითება არის სპეკულაცია. მათ ჰქონდათ მილიონ 150 ათასიანი მაჩვენებელი სიღარიბის კუთხით 2012 წელს და მათი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 3600 დოლარი, რაც არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და სიღარიბის მაჩვენებელი არის შემცირებული”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ემიგრაცია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია. ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 5 ათას დოლარამდე გაიზარდა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი 1 მლნ 150 ათასიდან 800 ათასამდე არის დასული.
ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სიღარიბის არსებული მაჩვენებლის შემცირებას შემდგომი წლები დასჭირდება. მისი თქმით, ასეთ დროს, გარკვეული დოზით, არის ემიგრაციის რისკი, რასაც შესაბამისი ზომების მიღება სჭირდება.
„ეს არის ცალსახა სპეკულაციები. 2012 წელს, როცა ჩვენ გადავიბარეთ ხელისუფლება, მაშინ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 3600 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე და სიღარიბის მაჩვენებელი იყო მლნ 150 ათასი ადამიანი. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. ამის შემდეგ ვითარდება ქვეყანა, დღეს მშპ არის გაზრდილი 5 ათას დოლარამდე თითქმის. რაც შეეხება სიღარიბეს, სიღარიბის მაჩვენებელი არის 800 ათასი ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. სიღარიბე არის ერთ -ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ამ წლების განმავლობაში მილიონ 150 ათასიდან 800 ათასამდე არის დასული ეს მაჩვენებელი. ამ 800 ათასიანი მაჩვენებლის შემცირებას სჭირდება შემდგომი წლები. ვიდრე ასეთი ვითარება არის ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ქვეყანაში და ეს გაგრძელდება გარკვეული დოზით შემდეგი წლების განმავლობაშიც, ბუნებრივია, არის ემიგრაციის რისკი და ამას, ბუნებრივია, სჭირდება შესაბამისი ზომების მიღება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეკონომიკური განვითარების ტენდენცია დადებითია, თუმცა, ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტებთან ბოლომდე დაახლოებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება.
„წლიდან წლამდე იცვლება მონაცემები, როგორც ეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, საუბარია მთლიან შიდა პროდუქტზე, ასევე, სიღარიბის კუთხით, თუმცა წლები დასჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ უკვე ევროკავშირის თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სტანდარტებს. ვიდრე არ დავუახლოვდებით ბოლომდე ამ სტანდარტს და ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დასჭირდება არაერთი წელი, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ თავისი ზღვარი აქვს ეკონომიკურ განვითარებას, მანამდე იქნება, რა თქმა უნდა, ყოველთვის პრობლემა ემიგრაციის კუთხით. როგორც კი აღმოიფხვრება ეს, ასე ვთქვათ, სხვაობა, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს შორის, ვიდრე ეს ვითარება გვექნება, მანამდე იქნება ემიგრაციის პრობლემა. მას შემდეგ, რაც ეს პრობლემა აღმოიფხვრება და ამას დასჭირდება რამდენიმე წელი, ამის შემდეგ უკვე პრობლემა იქნება აღმოფხვრილი. ამიტომ, რაც შეეხება ეკონომიკაზე მითითებას ეს არის სპეკულაცია”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.