„შინამეურნეობების ჭარბვალიანობის ზრდა და შერბილებული საკრედიტო პირობები 2008 წლის აშშ-ს ფინანსური კრიზისის ღრმა რეცესიად გადაქცევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო", აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რეგულაციებზე საუბრისას.
"კრიზისამდე 5 წლის განმავლობაში შინამეურნეობების ვალის მშპ-თან თანაფარდობა სწრაფად იზრდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ირლანდია, ესპანეთი. აღნიშნულ პერიოდში, ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა და საკრედიტო დანაკარგები მცირე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემულმა არაჯანსაღმა სესხებმა მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის მაღალ ზრდას შეუწყო ხელი, მისი საბოლოო შედეგი ფინანსური კრიზისი იყო. კრიზისის თავიდან აცილება, ან მინიმუმ, მისი უარყოფითი შედეგების შემცირება, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დროულად დაინერგებოდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა და მოსახლეობის დაკრედიტება მათი გადახდისუნარიანობის საფუძველზე მოხდებოდა", განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნგრეთის მაგალითიც მოიყვანა, სადაც 2000-იანი წლების შუაში საოჯახო მეურნეობების უცხოური ვალუტით დავალიანება მკვეთრად გაიზარდა. უცხოური ვალუტით დავალიანების ზრდის მთავარი მიზეზი რისკების არასათანადო შეფასება იყო. 2008 წელს უნგრეთის ეკონომიკა 7%-ით შემცირდა და პრობლემების წინაშე ბანკებიც აღმოჩნდნენ. შედეგად, 2014 წელს უნგრეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები შემოიღო.
გვენეტაძემ განმარტა, რომ რომ სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი საქართველოს შემთხვევაში შემოსავლის მიხედვით 30%-დან 60%-მდე მერყეობს. ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთ ყველაზე რბილ მაჩვენებელს წარმოადგენს.
"ჩვენზე უფრო განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებში კი ეს კოეფიციენტი გაცილებით უფრო დაბალია. მაგალითად, ის ჩეხეთში 45%-ს, ხოლო ესტონეთსა და ლიეტუვაში 50%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, სესხის მომსახურების 40%-ზე მაღალი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად ზრდის მსესხებლის მოწყვლადობას. ასევე, საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე დაკრედიტების ბიზნესმოდელი მსესხებელთა დიდი ნაწილის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს და ფინანსური სტაბილურობის რისკებს ზრდის.
სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უფრო რბილი მიდგომაა შემოსავლის დადასტურებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ბანკებს უფლება აქვთ, რეგულაციამდე არსებული პრაქტიკის მსგავსად, შემოსავალში გაითვალისწინონ არაფორმალური სექტორიდან მიღებული შემოსავლები, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია", აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.