ლიტერატურულ კონკურს "გალას" ჟიურის წევრები დაასახელეს. ჟიურის წევრები დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ და პროექტის ორგანიზატორმა ზაალ სამადაშვილმა პირადად წარადგინა და აღნიშნა, რომ წინა წლების მსგასად, წლევანდელი კონკურსიც ობიექტური და გამჭვირვალე იქნება.
"ჟიურის შემადგენლობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, "გალა" კიდევ უფრო წარმატებული იქნება. წელს ასზე მეტი წიგნია წარმოდგენილი. სხვა ლიტერატურული კონკურსებისგან განსხვავებით, "გალას'' ნომინაციებში წიგნის მხატვრობა და საბავშვო წიგნი შედის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია", - განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.
"გალას" გამარჯვებულებს 5-კაციანი ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში მთარგმნელი ნინო ქაჯაია, მხატვარი დიმიტრი ერისთავი და მწერლები, ლაშა იმედაშვილი, ზურაბ სამადაშვილი და მამუკა ხერხეულიძე არიან.
"ჟიურის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რადგან ადამიანები ელოდებიან სამართლიან გადაწყვეტილებას. გარწუნებთ, შეფასება ობიექტური იქნება", - აღნიშნა ჟიურის წევრმა ლაშა იმედაშვილმა.
კონკურსში მონაწილეობას 2009-2010 წლის სექტემბრამდე გამოცემული წიგნები შესაბამისი გამომცემლობების წარდგინებით მიიღებენ.
კონკურსი ექვს ნომინაციაში გაიმართება: სამაგიდო წიგნი, წლის წიგნი, თარგმნილი წიგნი, საბავშვო წიგნი, წიგნის მხატვრობა, წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი.
ლიტერატურული კონკურსი "გალა" საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის ინიციატივით წელს უკვე მეოთხედ ტარდება.
ნომინაციებში გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ ბრინჯაოს ხანის კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლსა და ერთჯერად პრემიას 4000 ლარის ოდენობით.
დაჯილდოების ცერემონიალი ოქტომბრის ბოლოს, თბილისობის დღესასწაულზე გაიმართება.