ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭრას საქართველოში. 19 მარტს, ევროკავშირი, მის პარტნიორ ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ახალ პროექტს „ეს წალკაა“ ოფიციალურად გახსნის. ღონისძიება გაიმართება წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, 14:00-დან 17:00 საათამდე.
შეხვედრას ოფიციალურად გახსნიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია და ქალაქ წალკის მერი ილია საბაძე.
პროექტის მიზანია ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ბიზნესკავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, საოჯახო მეურნეობების გაძლიერება, მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმება და მუნიციპალიტეტის სხვა ადგილობრივი ჯგუფების მხარდაჭერა. აღნიშნული მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში, თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით, შეიქმნება და გაძლიერდება წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG). შემუშავდება გენდერულად თანასწორი და ახალგაზრდებზე მორგებული წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომლის საფუძველზეც მოხდება ადგილობრივი პროექტების დაფინანსება. დამატებით, პროექტი იმუშავებს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის გამოსწორებაზე მოწყვლადი ჯგუფების, ქალებისა და ახალგაზრდების საქმიანობის გაძლიერების გზით.
წალკა ქვემო ქართლში მდებარე მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტია. ის მოიცავს 30 თემს, 43 სოფელსა და დაბა წალკას. მაღალმთიანი წალკის მუნიციპალიტეტის ფართობი 105,430 ჰექტარია - ვულკანური ქანებით აგებული რელიეფი, ძირითადად დაფარულია ვაკე მდელოებით. მუნიციპალიტეტში წამყვანი ეკონომიკური აქტივობა სოფლის მეურნეობაა. უნიკალური ბუნებრივი რესურსებითა და მოსახლეობის მრავალფეროვნებით გამორჩეული ეს მხარე არის შთაგონების წყარო მოგზაურობისათვის და უჩვეულო გარემო მუშაობისათვის.
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტს – „ეს წალკაა“ – ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევითი ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში.