წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს. ამ ეტაპზე საპატრიარქო ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღაწვის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს სწავლობს. წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.
აკაკი წერეთლის საეკლესიო ცხოვრების შესახებ არსებული მასალა საპატრიარქოს პოეტის სახელობის სახლმუზეუმის დირექტორმა გადაუგზავნა. აღნიშნული მასალა აკაკი წერეთლის მშობლიურ სოფელ სხვიტორში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა და ისინი საქართველოს საპატრიარქომ ერთი თვის წინ მიიღო. პოეტის მშობლიურ სოფელში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხი წმინდა სინოდმა დადებითად უნდა გადაწყვიტოს.
სხვიტორში პოეტის რამდენიმე ეკლესიური ნაწარმოების გამოცემასაც ფიქრობენ, რომელიც აკადამიურ წრეებში საბჭოთა ცენზურის გამო არ გამოქვეყნებულა. იდეის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამის შემდეგ მოსახლეობა აკაკის საეკლესიო ცხოვრების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებს. აღნიშნული ნაწარმოებები საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლას ეძღვნება.
ცნობისათვის, წმინდა სინოდმა თავის დროზე წმინდანებად შემდეგი საზოგადო მოღვაწეები შერაცხა: ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და დიმიტრი ყიფიანი.
კანონიზაციის ძირითადი პრაქტიკა ასეთია: ჯერ დაწვრილებით განიხილება წმინდანად შერაცხვის სასურველი კანდიდატის ცხოვრების ბიოგრაფია და მისი ზეპირი თუ წერილობითი ფორმის ნააზრევი, რომელშიც კაცობრივი უძლურებით რა ცოდვაცა თუ ცდომილებაც ჰქონდა დაშვებული, შესაბამისი საჯარო სინანულით აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოსყიდული (ასეთი შემთხვევები თვით ყველასგან ერთხმად აღიარებულ წმინდანთა შორისაც გვხვდება); თუ ფიზიკურად არსებობს მისი მიწაში დაფლული ნეშტი, როგორც წესი, გარკვეული გამოსაცდელი დროის გასვლის შემდეგ საფლავი ითხრება მკვდარი სხეულის განუხრწნელობისა თუ კეთილსურნელების დადგენის თვალსაზრისით; მის მიერ სიცოცხლეში უნდა აღსრულებულიყო და ასევე, გარდაცვალების შემდეგ უნდა აღესრულებოდეს არაბუნებრივი კეთილქმედებანი ანუ სასწაულები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური თუ სხვა მიზნით ვინმეს მხოლოდ ამქვეყნიურ ეკლესიაში ,,წმინდანად" გამოცხადება წარმოადგენს სიწმინდეთმკრეხელობის ცოდვას, რომლითაც უფლის შემდეგ შეურაცხიყოფა ის პიროვნებაც, ვის გაწმინდანებასაც ამაოდ ცდილობენ.