ქალებმა საქართველოდან, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველებმა მოიპოვეს საარჩევნო ხმის უფლება. ეს მოხდა 1918 წლის 22 ნოემბერს, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ (1918 წლის 8 ოქტომბრიდან იწოდებოდა, როგორც პარლამენტი) დაამტკიცა კანონი - „დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“.
შემუშავებული კანონი, თავისი შინაარსობრივი და პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, უაღრესად პროგრესული იყო. მაგალითად გამოდგება პირველი თავი – საერთო დებულება, რომელშიც პირველ მუხლში ვკითხულობთ: „დამფუძნებელ კრებას შეადგენენ წევრები, არჩეული
მცხოვრებთა მიერ საყოველთაო – განურჩევლათ სქესისა, – თანასწორის, პირდაპირის და ფარულის ხმის მიცემით პროპორციული წარმომადგენლობის წესისამებრ;“
II თავის მე-3 მუხლი კი საარჩევნო უფლებას შეეხება – „დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს რესპუბლიკის ორივე სქესის მოქალაქეს, თუ არჩევნების დღისთვის ოცი წელი შესრულებიათ.
1919 წლის საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები მრავალი ფაქტორის გამო იყო გამორჩეული. პირველ რიგში განსაკუთრებული იყო საყოველთაოობის მაღალი ხარისხით – საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა ხმის მიცემის უფლებას აძლევდა ყველა მოქალაქეს, სქესისა და წარმომავლობის განურჩევლად. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში არჩეულ იქნა 5 ქალი, მაშინ როდესაც იმდროინდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობაში ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ, უფრო მეტიც, პრეზიდიუმის წევრად (მდივნად) არჩეულ იქნა – ქრისტინე შარაშიძე.
გარდა ქალთა ჩართულობისა, არჩევნებში ხმის მიცემისა და დეპუტატად არჩევის საშუალება მიეცათ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. დემოკრატიის, თანასწორობის, ტოლერანტობისა და სხვა ჰუმანისტური ფასეულობების დემონსტრირება იყო არჩევნები ქვეყანაში, რომელსაც საუკუნეზე დიდხანს დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა სულ რამდენიმე თვის წინ აღედგინა.
მსოფლიოში პირველად ქალთა საარჩევნო უფლებები დაკანონდა ახალ ზელანდიაში 1893 წელს. საარჩევნო უფლებები მოიპოვეს 1902 წელს – ავსტრალიელმა, 1906 წელს – ფინელმა, 1913 წელს – ნორვეგიელმა, 1915 წელს – დანიელმა და ისლანდიელმა, 1918 წელს – ქართველმა და კანადელმა ქალებმა.
ყველაზე ბოლოს ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება საუდის არაბეთში, 2011 წელს მისცეს.