საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს ქვეყნისთვის განსაკუთრებული, გამორჩეულად გმირული საქციელის ჩადენისთვის.
ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი.
2004 წლიდან საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 19 ადამიანს მიენიჭა.
საქართველოს ეროვნული გმირები
ჟიული შარტავა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. 1993 წ. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა.
ზაზა დამენია
ქართველი სამხედრო, საქართველოს არმიის კაპრალი. 2004 წლის აგვისტოში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა.
ჯონ მაკკეინი
ამერიკელი სენატორი. საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოსთვის გამოჩენილი თანადგომისთვის მიანიჭეს.
ლეხ კაჩინსკი
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი. საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოსთვის გამოჩენილი თანადგომისთვის მიანიჭეს.
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი
ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922-1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. წითელარმიელი ოკუპანტების წინააღმდეგ ჩამოაყალიბა შეფიცულთა რაზმი. მოგვიანებით საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა. 1930 წლის 27 ივნისს ტუბერკულოზის შედეგად გარდაიცვალა.
ზურაბ იარაჯული
ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. მოწინააღმდეგის კოლონაზე შეტევის დროს მისი სუ-25 მოიერიშე ჩამოაგდეს. იარაჯულმა მოახერხა კატაპულტირება, თუმცა ფრონტის ხაზს მიღმა აღმოჩნდა. დაიღუპა გუმისთის ტყეში მდევართან შეტაკების დროს მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა დანებებაზე.
გიორგი ანწუხელიძე
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა.
ამბროსი ხელაია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში. რუსეთის პირველი რევოლუციის დროს ამბროსი იბრძოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღდგენისათვის, რის გამოც 1905 რუსეთში გადაასახლეს.
ბოლშევიკური რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, 1921 წლიდან, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წლის 7 თებერვალს მან თავისი ცნობილი მიმართვა გაუგზავნა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას. იგი მოითხოვდა საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას.
1922 წელსვე ამბროსი დაპატიმრებულ იქნა ე. წ. „ჩეკა“-ს მიერ და 1924 წლის დამლევამდე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში. მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“
გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.
ექვთიმე თაყაიშვილი
ისტორიკოსი, არქეოლოგი. ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. ათეულობით წლების განმავლობაში პატრონობდა საქართველოს ეროვნულ განძს, რომელიც სწორედ მისი დამსახურებით გადაურჩა დაკარგვასა და გაფანტვას და საბოლოოდ საქართველოს დაუბრუნდა.
ზვიად გამსახურდია
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. საქართველოს პირველი პრეზიდენტი.
მერაბ კოსტავა
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.
გრიგოლ ფერაძე
თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1921 წლის ოკუპაციის დროს ის სასწავლებლად ევროპაში იმყოფებოდა. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს, დევნილი ებრაელების შეფარებისთვის ფაშისტებმა 1942 წელს, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაზით გაგუდეს.
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი
ქართველი მხედარმთავარი, გენერალი. 1921 წლის თებერვალში გიორგი მაზნიაშვილი მეთაურობდა სოღანლუღის სამხედრო ნაწილებს და მონაწილეობდა საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. გიორგი მაზნიაშვილი საბჭოთა რეპრესიებს გაექცა საფრანგეთში. ის ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, სადაც, ბევრი უსიამოვნება შეხვდა. საბოლოოდ, დაბრუნდა საქართველოში. მას, როგორც „მოღალატეს“ და „სამშობლოს მტერს“ ახალმა ხელისუფლებამ არ მისცა სამუშაო და პენსია. 1937 წელს, რეპრესიების დროს დაიჭირეს მისი ვაჟი და დახვრიტეს. ძალიან მალე თავად გიორგი მაზნიაშვილიც დახვრიტეს.
მიხაკო წერეთელი
ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი. 1918-1919 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სამშობლოს დატოვება სამუდამო მოუწია.
გენერალი გიორგი კვინიტაძე
ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირველი და ბოლო მთავარსარდალი.
მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ საქართველო დატოვა.
მარო მაყაშვილი
წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში.
მამია ალასანია
საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი. 1992-93 წლებში იგი სპეციალური დავალებით, კონკრეტულად კი სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით, გაგზავნეს სამეგრელოს რეგიონში. შემდეგ იყო ომი აფხაზეთში. 1993 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში სეპარატისტებმა მამია ალასანია მოკლეს.
გურამ გაბესკირია
ქალაქ სოხუმის მერი, რომელიც მოკლულ იქნა აფხაზი სეპარატისტების მიერ 1993 წელს ქართველების ეთნიკური წმენდის დროს.
ზურაბ ჭავჭავაძე
ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
ვლადიმერ გოგუაძე
ქართველი სამხედრო მოღვაწე, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე კავკასიაში. 1918-1921 წლებში საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთაური. გოგუაძემ ჩამოაყალიბა ჯავშნოსანი მატარებლის რაზმი 80-მდე კაცის შემადგენლობით, რომელიც მთელ საქართველოში მოძრაობდა წესრიგის აღსადგენად, ამბოხებათა ჩასახშობად, დეზერტირებისგან შემდგარი მოთარეშე შეიარაღებული ბანდების გასანადგურებლად.
1918 წ. 13 აპრილს ამიერკავკასიის საოლქო დელეგატების სხდომაზე ნოე ჟორდანიას, ირაკლი წერეთლის და ევგენი გეგეჭკორის წარდგინებით გოგუაძე ეროვნულ გმირად აღიარეს და რევოლუციის პირველი გმირის წოდება მიანიჭეს. გარდაიცვალა ემიგრაციაში, საფრანგეთში.
ავთანდილ იოსელიანი
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მებრძოლი ავთანდილ იოსელიანი, სიკვდილის შემდეგ, ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.