„საქართველოს გასულ წელს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ჰქონდა უპრეცედენტო ფორმატების გამოყენებით, მათ შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის შეხვედრით და იქ დასახული მიზნების კუთხით“ – ამის შესახებ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივი სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო 2019 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესა და აღნიშნულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და მათ ფარგლებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგების წარმოჩენის მნიშვნელობას.
დავით ზალკალიანის განცხადებით კომისიის წევრებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პრაქტიკული სარგებლის გარდა, უვიზო მიმოსვლას აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა და მთავრობა ძალღონეს არ დაიშურებს, რათა მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება უზრუნველყოს: „ყურადღება დაეთმო სავიზო ლიბერალიზაციას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. „ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ წუხილზე, რომელიც მოდის ევროპელი პარტნიორების მხრიდან სხვადასხვა შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ადგილი აქვს პროცედურების დარღვევას და თავშესაფრის მაძიებელთა ზრდას, ამიტომ აუცილებელია საქართველოს მთავრობა იყოს კოორდინაციაში. ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით არსებულ სამოქმედო გეგმაზე, რა პრევენციული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არ მოხდეს ამ მნიშვნელოვანი მონაპოვარის სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი მიზნების მიხედვით გამოყენება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს შეთანხმებული კოორდინირებული სამოქმედო გეგმა და ეს გეგმაც იქნება განხორციელებული და ჩვენ ამ მიმართულებით ველოდებით, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება.“– განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სხდომაზე განხილული იქნა 5 მარტს, ასოცირების საბჭოს შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები, რომლის ფარგლებშიც ევროპელ პარტნიორებს წარედგინებათ საგზაო რუკა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სხდომაზე ნატოში ინტეგრაციის კუთხით, გასული წლის შედეგები შეაფასეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს: „წელს ამ მიმართულებით სერიოზული აქტივობები გვექნება, ველით ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში, დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა საქართველოში და რა თქმა უნდა ნატო-ს ეგიდით განხორციელებული წვრთნები. ეს მიმართულება ნატოში ინტეგრაციის კუთხით არის აღიარებული ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რაც გამოიხატა კიდეც ბრიუსელის სამიტზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს ხელშესახები შედეგი ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის გამოყენების თვალსაზრისით, რაც მიმართულია საბოლოო მიზნისკენ-წევრობისკენ“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
1 მარტს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივი სხდომა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. კომისიის წევრებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრაქტიკული სარგებლის გარდა, უვიზო მიმოსვლას აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა და მთავრობა ძალღონეს არ დაიშურებს, რათა მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება უზრუნველყოს.