ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებს "ტურიზმის სტრატეგია 2025"-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აცნობს. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, მიმდინარე კვირაში შეხვედრები სექტორულ ჭრილში გაგრძელდება, რაც ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს ტურიზმის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების წინაშე არსებულ გამოწვევებს უფრო დეტალურად გაეცნოს. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მჭიდრო ურთიერთობების ფონზე იგეგმება B2B პლატფომრის განვითარება.
მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გაფართოებულ ფორმატში უმასპინძლა. იყო ინიციატივები, რომელზედაც მარიამ ქვრივიშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან მხურვალე ტაშიც კი დაიმსახურა
“ვერ გამოვყოფთ რომელიმე ერთ კონკრეტულ მიმართულებას იმიტომ, რომ ტურიზმი თავის მხრივ ძალიან კომპლექსური დარგია. დღეს შევეცადეთ, რომ მოკლედ გაგვეცნო კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის რომელი სტრატეგიული მიმართულებებია, რაც დაგვეხმარება "ტურიზმის სტრატეგია 2025"-ის მისაღწევად. ჩვენი მთავარი მისიაა, რომ ტურიზმის წილი ეკონომიკურ განვითარებაში იზრდებოდეს, ამისთვის იდენტიფიცირება მოვახდინეთ რა უნდა გაკეთდეს: უნდა გაიზარდოს საშუალოდ ღამის თევების რაოდენობა, უნდა მოხდეს ბაზრების დივერსიფიცირება, ინფრასტრუქტურის განვითარება, პარალელურ რეჟიმში პროდუქტების განვითარება, მეტი კურორტების დამატება, არსებული კურორტების 4 სეზონად გარდაქმნა და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურიზმი რეგიონალურ დონეზე, რომ განვითარდეს და მეტ ადამიანს მიეცეს რეგიონში დასაქმების საშუალება და ჩვენ ადმინისტრაციამ ისევე როგორც ეკონომიკის სამინისტრომ ხელი შევუწყოთ საგანმანათლებლო ნაწილისა და მომსახურების დონის ამაღლებას. აღნიშნულ საკითხს პრეზენტაციაში დიდი დრო დავუთმე, რათა გვინდოდა, რომ კერძო სექტორს სცოდნოდა რა მიმართულებით ხდება აქცენტების გაკეთება. რეალურად სახელმწიფო მზადაა, რომ უფასო ტრენინგები ჩაუტაროს იმ ადამიანს, რომლებიც კერძო სექტორში არიან დასაქმებულები, ან არ არიან, მაგრამ სურთ, რომ ტურიზმის სფეროში იყვნენ დასაქმებულები”, აღნიშნა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კერძო სექტორს ის გეგმები გააცნო, რითაც ქვეყანაში მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა უნდა მოხდეს და ტურიზმის წილი ეკონომიკაში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.
„ფაქტობრივად მათემატიკური კალკულაციით შევეცადეთ გვენახებინა რა კრიტერიუმების მობილიზებით და ზრდით უნდა მივიღოთ ეკონომიკური კონტრიბუცია, ტურიზმიდან წილის ზრდა.
რაც შეეხება ბაზრებს, ჩვენ ვამბობთ, რომ მეზობელი გქვეყნებიდან უკვე გაქვს კარგი ტენდენცია შემოდინების. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბაზრები აღარ არის სტრატეგიული. პირიქით, სტრატეგიულია და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ არსებული ბაზრებიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ნაკადები. თუმცა მნიშვნელოვანია, ვთქვათ, რომ ბაზრები უნდა იყოს დივერსიფიცირებული იმისათვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რომელიმე, ან რამდენიმე კონკრეტულ ბაზარზე.
უნდა მოხდეს ასევე საშუალო დანახარჯების ზრდა, ისევე როგორც ჯამურ ჭრილში ვიზიტორების ზრდა, თუმცა უმნიშვნელოვანესია, რომ გაიზარდოს შემომავალი ვიზიტორების რაოდენობა”, აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
შეხვედრას კერძო სექტორის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ტურისტული პროდუქტის განვითარების შესახებ, მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ფართომასშტაბიანი ტრენინგ პროგრამების ჩატარება იგეგმება.
ადმინისტრაციის პრიორიტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება, 70 სანიტარული კვანძის მოწყობა , მოსასვენებელი ადგილების აშენება და ა.შ.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ტურიზმის სფეროში განათლება/კადრების გადამზადების, ბაზრების დივერსიფიცირების, საქართველოს როგორც 4 სეზონიანი ტურისტული მიმართულების მქონე ქვეყნის განვითარების, ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების შესახებ.
ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 11 მილიონი
საერთაშორისო ვიზიტის განხორციელება იგეგმება. შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან კი 6,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 7.9%-ამდე გაიზრდება ტურიზმის წილი მშპ-ში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების (DMO) ჩამოყალიბებას კახეთში, სამეგრელო ზემო-სვანეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, იგეგმება ფართომასშტაბური მარკეტინგული კამპანიები, რომელიც მოიცავს როგორც ონლაინ ასევე სატელევიზიო რეკლამას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას, ასევე ღვინის ტურიზმისა და კულინარიის,სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას.