მთავრობა, ასეთი თანმიმდევრული და პრინციპული ნაბიჯებით აუცილებლად მიაღწევს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიზანს და საქართველო აუცილებლად გახდება ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ოთარ ჩრდილელმა. ამ განცხადებით, ოთარ ჩრდილელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვითარდება საბრძოლო მომზადების ცენტრი, სადაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სამხედროები როტაციული პრინციპის საფუძველზე, საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებით მეტ სამხედრო სწავლებებს ჩაატარებენ.
„ყველაფერი ეს ნათლად მიანიშნებს რომ იზრდება ნატოს ხილვადობა საქართველოში და გზავნილი-მეტი ნატო საქართველოში, რეალობაა. მთავრობა, ასეთი თანმიმდევრული და პრინციპული ნაბიჯებით აუცილებლად მიაღწევს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიზანს და საქართველო აუცილებლად გახდება ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტი იქნება“, - განაცხადა ოთარ ჩრდილელმა და მარტში საქართველოში დაგეგმილი ნატო-საქართველოს სწავლების შესახებ აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ქართველი სამხედროები უხელმძღვანელებენ სწავლების, როგორც ორგანიზების, ასევე აღსრულების ფაზებს, „რაც ჩვენი სამხედროების უმაღლეს პროფესიონალიზმზე და ნატო-სთან სრულ თავსებადობაზე მეტყველებს“.
„აღნიშნული სწავლების პერიოდში დაგეგმილია ნატო-ს გენერალური მდივნის, უმაღლესი სამხედრო ორგანოს - სამხედრო კომიტეტისა და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტები. ასეთი ტიპის უმაღლესი დონის ვიზიტები არის ნატოს მხრიდან უპირობო ნდობისა და უპრეცედენტო მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება. ცხადია, ყველაფერი ეს ნათლად მიუთითებს საქართველოსა და ნატო-ს შორის გაღრმავებულ ურთიერთობებზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გატარებული უმნიშვნელოვანესი რეფორმების შედეგი“, - განაცხადა ოთარ ჩრდილელმა.