დეპუტატი ემზარ კვიციანი, „პატრიოტთან ალიანსიდან“, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში თავის მიერ დაფუძნებულ “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის” შესახებ საუბრობს და იმედი აქვს, რომ ფონდში თანხას ყველა ქველმოქმედი და ყველა ქართველი ჩარიცხავს.
„6 დღეა, რაც დარეგისტრირდა, მაგრამ ანგარიში გაიხსნა ორი დღის უკან. იმედი არის, რომ მიიღებენ მონაწილეობას ადამიანები, ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ბიზნესმენები, რომლების თხოვნითაც შეიქმნა ეს ცენტრი.
დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რომ ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და არის ქართველი ხალხის გვერდში ამდენი წელიწადი, ალბათ, ერთი კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს.
არამარტო ბიძინა ივანიშვილი, ყველა ქველმოქმედი, ყველა ქართველი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ქართველების წინსვლა და გაძლიერება უნდა, ყველა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის დეპუტატები“, - თქვა კვიციანმა.
დეპუტატმა ემზარ კვიციანმა, „პატრიოტთან ალიანსიდან“, “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი” დააფუძნა, რომლის ფუნქციაც შეყვარებული წყვილების აღრიცხვა და მათი თანადგომა იქნება, მათ შორის ფინანსურიც. დეპუტატის განმარტებით, წყვილებმა ცენტრში რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ამისთვის კი ჯერ განცხადება უნდა დაწერონ. კვიციანი ფიქრობს, რომ ფონდში ფულს ემიგრანტები ჩარიცხავენ და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. „ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან”, – ამბობს ემზარ კვიციანი.