სოციალური მუშაკები სისტემურ ცვლილებების მოთხოვნით საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს პეტიციით მიმართავენ.
სოციალური მუშაკების თქმით, უწყებაში [იგულისხმება ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც სოციალური მუშაკების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია] ადამიანური და ფინანსური რესურსების კრიტიკული დეფიციტია, არ ვითარდება და დახურვის პირასაა ბენეფიციარებზე ზრუნვის მომსახურებები. მშობლებს არ მიეწოდებათ პოზიტიური მშობლობის და ბავშვთა უფლებების შესახებ მინიმალური განათლება, ფაქტობრივად, არ არსებობს ოჯახის მხარდამჭერი და სარეაბილიტაციო მომსახურებები, არ არსებობს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების და მათი ოჯახების გამაძლიერებელი მომსახურებები. სხვადასხვა საჭიროების მქონე ხანდაზმულებისათვის ფაქტობრივად არ არსებობს დღის ცენტრის სერვისი ან საკმარისი ოცდაოთხსაათიანი მომსახურება.
სოციალური მუშაკები ყურადღებას ამახვილებენ უწყებებს შორის კოორდინაციის არარსებობაზე და მიიჩნევენ, რომ ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტები ჯეროვნად ვერ/არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს.
„სისტემა ასევე ვერ იაზრებს სოციალური მუშაკის უმნიშვნელოვანეს როლს ბავშვთა და სხვა საჭიროებების მქონე პირების დაცვის პროცესში. ნაცვლად იმისა, რომ სოციალური მუშაკები ბენეფიციართა მხარდაჭერასა და გაძლიერებას ემსახურებოდნენ, ისინი დატვირთულები არიან ისეთი ვალდებულებებით, რაც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს არ შეესაბამება (კერძოდ, დაბადების იურიდიული ფაქტის დადგენა; ექსპერტიზის ბიუროში ხელმოსაწერად სიარული; ადრეული განვითარების, დღის ცენტრისა და კვებისა ვაუჩერების გაცემა და ა.შ.). ამასთან, ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების ეფექტურად დაცვა შეუძლებელია იმ რესურსებით (ინსტრუმენტები, მეთოდები, მომსახურებები) რომლებსაც ბავშვთა დაცვის სისტემა ამ ეტაპზე სთავაზობს სოციალურ მუშაკებს“, - ვკითხულობთ სოციალური მუშაკების პეტიციაში.
სოციალური მუშაკების თქმით, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს მეურვეობისა და მზრუნველობის რეფორმის განახლებული სისტემური ხედვა, რომელიც დაეფუძნება მტკიცებულებებს და ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესებს. მეურვეობისა და მზრუნველობის სფერო უნდა გახდეს პრიორიტეტული და ქმედითი სახელმწიფოსთვის.
რეფორმის ცვლილებებისთვის სოციალური მუშაკები პასუხისმგებელი ორგანოებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ:
- სამინისტროს ბაზაზე შეიქნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებულნი იქნებიან პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, პროფესიული თემი, სფეროს ექსპერტები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ „კანონი სოციალური მუშაობის შესახებ“ შექმნის პროცესში.
- გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაიაზრონ სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის, მანდატი, სოციალური მუშაკების როლი ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში და შესაბამისად განისაზღვროს მათი პასუხისმგებლობები, შემუშავდეს და გაუმჯობესდეს სამუშაო ინსტრუმენტები, მეთოდები და მომსახურებები.
- მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილნი იყვნენ პროფესიული გაძლიერების/მხარდაჭერისა და სუპერვიზიის გამართული მექანიზმით.
- გაიმართოს ბავშვებთან მომუშავე უწყებების კოორდინაციის მექანიზმი ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკაციის, რეაგირებისა და მონიტორინგის პროცესში.
- დაუყოვნებლივ გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა, განისაზღვროს მათი სამუშაო დატვირთვა და გაუმჯობესდეს მათი სამუშაო გარემო და პირობები.
პეტიციის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ
ცოტა ხნის წინ, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებულმა 200-მდე სოციალურმა მუშაკმა წინასაგაფიცვო პროცესი დაიწყო და სახელმწიფოსგან სოციალური პროგრამების დაუყოვნებლივ რეფორმირება.