რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ საზღვარგარეთ მდებარე აქტივებს კომპანია Gunvor-ი შეიძენს. გარიგების ძირითადი პირობები მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია, – ამის შესახებ „ლუკოილის“ განცხადებაშია ნათქვამი. იუწყება Politico
კომპანიის განცხადების თანახმად, მისი უცხოური აქტივების შვეიცარიაში დაფუძნებული ენერგეტიკული სავაჭრო კომპანია Gunvor-ისთვის მიყიდვა „გარკვეული სახელმწიფოების მიერ კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებს“ უკავშირდება.
„LUKOIL International-ის გაყიდვა დაკავშირებულია შეზღუდვებთან, რომლებიც რიგმა ქვეყნებმა დააწესეს საჯარო აქციონერული საზოგადოების „ლუკოილისა“ და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ“, – ნათქვამია პრესრელიზში.
Politico-ს ცნობით, კომპანია Gunvor-ი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის გენადი ტიმჩენკოს მიერ არის დაფუძნებული. გამოცემა წერს, რომ ტიმჩენკომ კომპანიაში თავისი წილი 2014 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს.
„ლუკოილმა“ სანქციების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მდებარე აქტივებს გაყიდის.