დღეს, 8 თებერვალს, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული 200-მდე სოციალური მუშაკი, წინასაგაფიცვო პროცესს იწყებს და სახელმწიფოსგან სოციალური პროგრამების დაუყოვნებლივ რეფორმირებას მოითხოვს.
სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ სახელმწიფოში სოციალური პოლიტიკის მძიმე მდგომარეობის ფონზე, სათანადო სერვისებისა და რესურსების სიმწირის გამო, ხშირად ვერ ახერხებენ ყოველდღიურ რეჟიმში ეფექტური დახმარება აღმოუჩინონ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებსა თუ ოჯახებს, რის გამოც ყოველდღიური საფრთხის ქვეშ არის მოწყვლადი ჯგუფების - ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესები.
სოციალური მუშაკების თქმით, ზემოთაღნიშნულ პრობლემებს თან ერთვის, სოციალური მუშაკის არასათანადო სამუშაო გარემო და შრომითი პირობები.
სოციალური სერვისების მიმართებით არსებული სისტემური პრობლემების გარდა, სოციალური მუშაკების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, არასათანადო სამუშაო გარემო და შრომითი პირობები.
დღეს, სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანენ ერთობლივ განცხადებას მათ დამსაქმებლთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კოლექტიური დავის დაწყების თაობაზე.
სოციალური მუშაკების ძირითადი მოთხოვნაა, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ეფექტური სერვისების ჩამოყალიბება და აღნიშნულის პარალელურად სოციალური მუშაკებისთვის მინიმალური შრომითი სტანდარტების შექმნა.
სოციალური მუშაკების მიერ დაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკები უახლოეს მომავალში გაიფიცებიან.
სოციალური მუშაკების მოთხოვნებს იზიარებენ და უერთდებიან შემდეგი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW)