15 თებერვალს, 15.00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება კვლევის − „სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“ − შედეგების პრეზენტაცია.
კვლევა იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმებმა „IPSOS France“-მ, „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს.
2013 რესპონდენტი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 10 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.
ამასთან, ჩატარდა თვითშევსებადი ინტერვიუები დაინტერესებული მხარის ოთხი ჯგუფის პროფესიონალებთან მათი რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე: პროკურორები (159), ადვოკატები (380), მოსამართლეები (213) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (12). პირისპირ ჩატარდა, ასევე, ინტერვიუები შემთხვევით შერჩეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც იმჟამად სარგებლობდნენ სასამართლოთი და იყვნენ რომელიმე მხარე სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართალწარმოებაში (186 რესპონდენტი).
კონსორციუმის წევრების შესახებ, რომლებიც პრეზენტაციას გამართავენ:
მსოფლიოში მარკეტინგული კვლევის კომპანიებს შორის სიდიდთ მესამე „Ipsos“ („იფსოსი“)1975 წელს დაარსდა (პარიზი, საფრანგეთი). „Ipsos“-ს ოფისები დღეს 87 ქვეყანაში აქვს და, საერთო ჯამში, 16,530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკენტიგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.
ბოლო წლების განმავლობაში „Ipsos Public Affairs France“-მ განახორციელა მრავალი ფართომასშტაბიანი კვლევა ადგილობრივ, შიდა და საერთაშორისო პრობლემურ საკითხებზე; მათ შორის, „გლობალური დემოკრატიის მდგომარეობა“, ყოვლისმომცველი კვლევა „პოლიტიკური ინოვაციების ფონდისთვის“ („Fondation pour l’Innovation Politique“) დემოკრატიული სისტემის აღქმაზე 22 ქვეყანაში (2017). მეორე ტალღა ჩატარდა „პოლიტიკური ინოვაციების ფონდისა“ და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისთვის“ („International Republican Institute“) 42 ქვეყანაში და გამოქვეყნდება მიმდინარე წლის გაზაფხულზე; „საფრანგეთის არჩევნების კვლევა 2017“ ხანგრძლივი პანელური კვლევა „CEVIPOF“-ისა და „მონდისათვის“, რომლის ფარგლებშიც „Ipsos“-მა 25,000 ამომრჩეველი განმეორებით გამოკითხა 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით ამომრჩეველთა ქცევის დინამიკის შესწავლის მიზნით; „რა აღელვებს მსოფლიოს“, ყოველთვიური ბარომეტრი ეკონომიკურ ნდობაზე და მოქალაქეების ძირითადი წუხილები 25 ქვეყანაში. კომპანია, ასევე, ახორციელებს თვისობრივ/რაოდენობრივ კვლევებს მთავრობების, სამინისტროების და სახელმწიფო დაწესებულებებისათვის.
საქართველოში ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას კვლევის დირექტორი მეთიუ გალარდი ჩაატარებს, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ხელმძღვანელობს („Ipsos“-ის საზოგადოებრივ საქმეთა, სოციალურ და საზოგადოებრივი აზრის კვლევის დეპარტამენტი).
ტილბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი ვიქტიმოლოგიასა და ადამიანის უსაფრთხოების საკითხებში იან ვან დაიკი წლების განმავლობაში ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორი იყო. მას დაარსებული აქვს მსხვერპლთა მხარდაჭერის ცენტრი ნიდერლანდებში, იყო მიწვეული პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში.
ვან დაიკი არის დანაშაულისა და კრიმინალური სამართლის ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი მსოფლიოში, რომელიც მუშაობდა გაერო-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციებისთვის. არის 200-ზე მეტი სტატიის ავტორი აკადემიურ ჟურნალებში, 2012 წელს დაჯილდოვდა კრიმინოლოგიაში სტოკჰოლმის პრიზით.
„გორბი“ − საქართველოს საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა და ფუნქციონირებს 1991 წლიდან. „გორბი“ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა დასავლური სტანდარტებისა და კვალიფიკაციის მქონე წამყვან კვლევით ორგანიზაციად. იგი აწარმოებს ყოველგვარ რაოდენობრივ და ხარისხობრივ კვლევას, მათ შორის, სამეცნიერო გამოკვლევებს, ჯგუფურ დისკუსიებს, ჩაღრმავებულ ინტერვიუებს, მარკეტინგული და სამომხმარებლო ბაზრის კვლევებს, გარკვეული მარკის სასაქონლო ბაზრის, მომხმარებლების განწყობისა და ბაზრის განვითარების შესწავლას.
„გორბს“ განხორციელებული აქვს პროექტები ათზე მეტ ქვეყანაში; 2003 წლიდან არის გელაპის საერთაშორისოა ასოციაციის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. კვლევის პრეზენტაციას „გორბის“ ხელმძღვანელი, მერაბ ფაჩულია გამართავს.