თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძემ საქართველოს ნაკრებს მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოუტანა. 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა, მე-3 ადგილისათვის გადამწყვეტ შეხვედრაში ირანელ არფალ მორადალი ამირს - 3:1, 3:1 სძლია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გოგშელიძე დამამშვიდებელ ეტაპზე მეოთხედფინალიდან გადაერთო, პრინციპულ მეტოქესთან, რუს ჰაჯიმურატ გაცალოვთან სამსეტიან ბრძოლაში წაგებით.
გუშინ, 11 სექტემბერს მედლები 60 და 84 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებმა სამეულამდე მისვლა ვერ შეძლეს. მალხაზ ქურდიანმა (60 კგ) ძირითად ბადეში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა. Pპუერტო რიკოელი ფრანკლინ გომეს მატოსის ძლევის შემდეგ ოლიმპიურ და მსოფლიოს უკრაინელ პრიზიორთან, ვასილი ფედორიშინთან წააგო და მას შემდეგ, რაც ფედორიშინი ფინალში გავიდა, ქურდიანს რეპეშაჟის გზა გაეხსნა. ქურდიანმა უზბეკეთის სახელით მოჭიდავე დილშოდ მანსუროვს კი სძლია, მაგრამ რუს ერსინ ჩეტინთან აღარაფერი გამოუვიდა და კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.
დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, უკრაინის სახელით მოჭიდავე იბრაგიმ ალდატოვთან 2 სეტში წაგებით. იქამდე კი უნგრელი იშტვან ვერები და ყაზახი კანატ ბერდიევი ჩამოიცილა. მოგვიანებით ქართველს რეპეშაჟის გზაც გადაეკეტა, მას შემდეგ, რაც ალდატოვი ნახევარფინალს ვერ გასცდა.
დღეს, 12 სექტემბერს, მედლები სამ წონაში - 66, 74 და 120 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით ოთარ თუშიშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ) და ლევან ბერიანიძე (120 კგ) იჭიდავებენ.