დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა საპატრიარქოსთან კარავი გაშალა. ისინი მოითხოვენ, რომ შესრულდეს მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნა და აზიარონ. დეკანოზის ოჯახის წევრები იმ ფაქტსაც აპროტესტებენ, რომ ამ დრომდე წმინდა სინოდს ე.წ. ციანიდის საქმეზე საკუთარი პოზიცია არ დაუფუქსირებია.
მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან დარჩებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მთავარმა პროკურატურამ დაკავების თავდაპირველ მიზეზად „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ დაასახელა. აღნიშნულმა არამხოლოდ საზოგადოება, არამედ, პრემიერ-მინისტრიც შეიყვანა შეცდომაში, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებამ თავიდან უდიდესი უბედურება აიცილა და რომ ეს იყო, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დეკანოზის ბრალი სულ სხვა იყო. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, მამალაძე პატრიაქრის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით მკვლელობას გეგმავდა და სწორედ ამ მიზნით ცდილობდა ის მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის შეძენას. აღნიშნული ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლომ დამაჯერებლად არ მიიჩნია და 2017 წლის 5 სექტემბერს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქმის განხილვამ საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9-წლიანი თავისუფლების აღკვეთის შესახებ. დეკანოზ მამალაძის ადვოაკტებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.
გიორგი მამალაძის ადვოკატებმა გიორგი მამალძე - საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ადვოკატებმა საქართველოში ყველა ინსტანციაში დავა ამოწურეს. ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სტრასბურგის გადაწყვეტილებას სასულიერო პირი ე.წ. მატროსოვის ციხეში დაელოდება.