ამ დღეებში ზამთრის (ყინულჭრილში) ცურვის მსოფლიო თასის სარეიტინგო შეჯიბრება გაიმართა სლოვენიაში ბლედის ტბაზე. სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო ასპარეზზე საქართველოდან წარგზავნილმა ერთადერთმა წარმომადგენლმა, ზამთრის ცურვის 2018 წლის მე-11 მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა (ტალინი, ესტონეთი), სტუ-ს 72 წლის პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა ამჯერადაც ასახელა ქვეყანა. მან მოიპოვა ოთხი ოქროს მედალი ბატერფლაით ცურვაში 25-მეტრიან და თავისუფალი ყაიდით (კროლით) ცურვაში 100, 50 და 25 მეტრიან დისტანციებზე. სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ მან შარშან ცურვაში აღებულ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალთან ერთად, სპორტის სხვა სახეობებშიც ისახელა თავი და თავის ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა (ჰურგადა, ეგვიპტე) თანამედროვე ხუთჭიდის ქვესახეობა ბიატლში (სირბილი-ცურვა-სირბილი), ხოლო ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ტრიატლში (სროლა, ცურვა, სირბილი), თავის ასაკთან შედარებით ახალგაზრდებთან შერკინებაში.
როგორც ჰენრი კუპრაშვილმა აღნიშნა, ეს შეჯიბრება მისთვის გენერალური რეპეტიცია და ერთგვარი ძალების მოსინჯვა იყო მე-12 ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომელშიაც იგი უმიზნებს მსოფლიო ჩემპიონობას.
"მე უზომოდ მადლიერი ვარ თბილისის მერიის, მისი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო კომისიისა (ირაკლი გვილავა, დათო არეშიძე), რომელიც გვერდში მიდგას და ჩემი ასაკის მიუხედავად სჯერა ჩემი, ყოველთვის მაძლევს შანსს გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები და ვასახელო ჩვენი ქვეყანა. მეც ვპირდები, რომ თავს არ დავზოგავ და სპორტის ამ სხვადასხვა სახეობებში მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლებს ნამდვილად არ მოვაკლებ საქართველოს.
ცხადია, მსოფლიო ასპარეზობებზე წარმატებები თავისითარ მოდის, მას წინ უძღვის ყოველდღიური დაუღალავი შრომა (ცურვა, სირბილი, სროლა). უნდა ნახოთ, განსაკუთრებით ცურვას, რამდენ ოფლის ღვრა სჭირდება და ყოველდღიურად, რამდენი კილომეტრის გაცურვა მიწევს ვაკის აუზში (გენერალური დირექტორი ამირან თევზაძე, დირექტორი ეკა ბარძემიშვილი), სადაც ყველა პირობა მაქვს შექმნილი მსოფლიო ასპარეზობებზე ღირსეულად, რომ წარმოვადგინო ჩვენი ქვეყანა. შედეგებსაც სულ ვაუმჯობესებ შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე. მაგალითად, 2014 წელს ფინეთში ჩატარებულ მე-9 მსოფლიო ჩემპიონატში ჩემი შედეგების შედარებაც კი არ შეიძლება მე-11 მსოფლიო ჩემპიონატში და ახლა სლოვენიის მსოფლიო სათასო შეჯიბრებაზე ნაჩვენებ შედეგებთან. ისევე დიდია სხვაობა ბიატლსა და ტრიატლში 2015 წლის შედეგებსა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემს მიერ ნაჩვენებ შედეგებს შორის.
სლოვენიაში ვმონაწილეობდი საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასთვის“ სახელით. მისი პრეზიდენტი ლეგენდარული ოლიმპიელი მაია აზარაშვილი ყურადღებას არ მაკლებს და ყოველთვის ვგრძნობ მის აქტიურ მხარდაჭერას. თანაგრძნობა და მხარდაჭერა არ მაკლია ჩემი მშობლიური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდანაც, განსაკუთრებით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ყოფილი სპორტსმენი, პროფესორი ირაკლი გაბისონია გამოირჩევა ამ მხრივ. მადლობელი ვარ თქვენი სააგენტოსიც, რომელიც ყოველთვის ოპერატიულად აშუქებს ჩემს მიღწევებს ხოლმე.
მოკლედ წინ კიდევ ბევრი შეჯიბრება მელის და ვეცდები ვასახელო ჩემი სამშობლო", - ამბობს ჰენრი კუპრაშვილი.