საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, "ეროვნულმა ფორუმმა" 80 000 ხელმოწერა შეაგროვა. ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი მელაშვილმა დღეს, გორში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას მხოლოდ 30 000 ხელმოწერა სჭირდება, "ფორუმი", სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, წარადგენს გაცილებით მეტ ხელმოწერას, რათა ხელისუფლებამაც და საერთაშორისო საზოგადოებამაც დაინახოს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ითხოვს არა მხოლოდ რამდენიმე პარტია, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილი. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ საარჩევნო გარემო ქვეყანაში რეალურად შეიცვალოს და საზოგადოებამ შეძლოს, არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება", - აცხადებს მელაშვილი.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივაში გათვალისწინებულია საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ისინი არჩევნების შემდგომ აქვეყნებდნენ, შესაბამისად, მელაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციური სპექტრისა და საზოგადოების მოთხოვნას საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურად დაუჭერს მხარს. მისი თქმით, "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა, პრაქტიკულად, დასრულდა.
"დღეს გავიარეთ ბოლო კონსულტაციები ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან და ვფიქრობ, უახლოეს ერთ კვირაში რვა ოპოზიციური პარტია ერთიანი პოზიციით წარვდგებით, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და ყველა დაინტერესებულ პირს ჩვენს ინიციატივას საჯაროდ გავაცნობთ", - აღნიშნა მელაშვილმა.
შეგროვებული ხელმოწერები საქართველოს პარლამენტში 23 ოქტომბრამდე შევა და საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია, "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებათა პაკეტი საშემოდგომო სესიაზე განიხილოს.
"ხელისუფლებას ძალიან უნდოდა, რომ საშემოდგომო სესიაზე, მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები განეხილა, მაგრამ პარლამენტს ჩვენი ინიციატივის განხილვა აუცილებლად მოუწევს და თუ უარს იტყვის ცვლილებებზე, ჩვენ ყველა კონსტიტუციური მეთოდით ვიბრძოლებთ, რომ ეს ცვლილებები მივაღებინოთ", - აღნიშნა მელაშვილმა.