პარლამენტის წევრს დიმიტრი ლორთქიფანიძეს თავის საკანონმდებლო ინიციატივაში რამდენიმე შენიშვნის შეტანა მოუწევს. საკომიტეტო მოსმენები კი ამ შენიშვნების განხორციელების შემდეგ გაიმართება. საუბარია დიმიტრი ლორთქიფანიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც რეგლამენტში ცვილილების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად კი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ბაზაზე უნდა შეიქმნას ციხეების მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც ციხეებში შესვლის უფლება ექნება ნებისმიერ დროს ყოველგვარი ნებართვის გარეშე.
კანონპროექტში ცვლილების შეტანის რეკომენდაცია ლორთქიფანიძეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილმა მისცა. როგორც გოგორიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ინიციატივამ არ შექმნას გაუგებრობები და "ზოგიერთმა დეპუტატმა ეს უფლება ცუდად არ გაიგოს და არ გამოიყენოს" საჭირა, კანონპროექტში გაიწეროს ჯგუფის მუშაობის წესი და როტაციის პრინციპი, რათა ეს საკითხი იყოს კანონით დარეგულირებული და არ იყოს კომიტეტის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ასევე კანონშივე უნდა ჩაიწეროს, ფრაქციას ექნება თუ არა უფლება, რომ ამ ჯგუფში წევრი რამდენჯერმე წარადგინოს თუ არა. ამას გარდა, ჯგუფი ვალდებული უნდა იყოს, რომ ციხეში შესვლისას სასჯელთაღსრულების დაწესებულება გააფრთხილოს ვიზიტის შესახებ.
როგორც გოგორიშვილმა აღნიშნა, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ კომიტეტი აღნიშნულ ინიციატივას თავიდან დაუბრუნდება. გარდა ამისა, მან მთავრობის საპარლამენტო მდივანს დაავალა, ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს ლორთქიფანიძისა და სასჯელთაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრა, რათა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციები შეაჯერონ.