დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს გია არსენიშვილს თხოვნით მიმართავენ, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხებში ექსპერტის, პროფესორ ვახტანგ მაისაიას საქმით პირადად დაინტერესდეს. ექპერტების მიმართვის წერილში ხაზგასმულია, რომ სხვადსხვა ქართული მედიასაშუალების ინფორმაციით, მაისაიას სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მოხელეებმა სასტიკად სცემეს. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი არსენიშვილს სწორედ ამ ინფორმაციის გადამოწმებას სთხოვს.
"მოგეხსენებათ, უკანასკნელ ხანს, ქართულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში ვრცელდება შემაშფოთებელი ინფორმაცია სასჯელაღსრულებით დაწესებულების ადმინისტრაციის მოხელეთა დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე მოშიმშილე პატიმრის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხებში ექსპერტის, პროფესორ ვახტანგ მაისაიას მიმართ", - ნათქვამია არსენიშვილისადმი მიმართვის ტქესტში.
წერილში ციტირებულია სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით:
"სასტიკად ნაცემი პატიმარი და მისი ადვოკატი საჯაროდ ასახელებენ დამნაშავე მოხელეს და მის თანამდებობას, საუბრობენ მის ახალ მუქარაზე პატიმრის ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ; პატიმრის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს ამ ფაქტის ოფიციალური გამოძიება (დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის პირობებში); სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს პატიმრის ცემის ფაქტს; საქართველოს სახალხო დამცველი ადასტურებს მოშიმშილე პატიმრის ცემის და სხეულის დაზიანებათა ფაქტს", - აღნიშულია მიმართვის ტექსტში.
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის განცხადებით, მსგავსი ურთიერთგამომრიცხავი მიდგომები და შეფასებები აძლიერებს საზოგადოების უნდობლობას ქვეყნის სასჯელაღსრულებითი სისტემის მიმართ, "რაც სერიოზულ პრობლემას ჰქმნის საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით".
ექსპერტები არსენიშვილს მოუწოდებენ, პირადად დაინტერესდეს აღნიშნული საქმის დეტალებით და საჯარო განმარტებები გააკეთოს:
"მოგმართავთ თხოვნით, პირადად დაინტერესდეთ მოშიმშილე პატიმართან დაკავშირებული ამ კონკრეტული საკითხით და თქვენი საჯარო, პირუთვნელი განმარტებებით გაგვარკვიოთ საზოგადოება (და არა მხოლოდ ქართული) შექმნილ ვითარებაში. ვიტოვებთ იმედს, რომ თქვენი მცდელობა დროული და წარმატებული იქნება", - ნათქვამია ექსპერტების მიმართვის ტექსტში.
მიმართვის ტექსტს ხელს აწერენ სოსო ცისკარიშვილი, ვლადიმერ პაპავა, ზურაბ აბაშიძე, მამუკა არეშიძე, რჩილ გეგეშიძე, მერაბ კაკულია, კახა კაციტაძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, რამაზ საყვარელიძე, ირაკლი სესიაშვილი, ლაშა ტუღუში, ზაზა ფირალიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ზაზა შათირიშვილი, თამარ ჩიქოვანი, გოგი ხუციშვილი, გია ხუხაშვილი, თედო ჯაფარიძე.