ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.
მისი განცხადებით, ორ წელიწად-ნახევარია, ვერ მიიღო პარლამენტის თავმჯდომარისგან ის უფლება, რაც წინა მოწვევის პარლამენტში ელენე თევდორაძეს ჰქონდა. ამის შესახებ არსენიშვილმა დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ციხეებში პარლამენტართა დაუბრკოლებლად შესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა. საკითხი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დააყენა. არსენიშვილი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს დეპუტატების ციხეებში შესვლის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის თავმჯდომარისგან დელეგირებული ჰქონდა უფლება, ციხეში ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლივ შესულიყო.
როგორც არსენიშვილი აცხადებს, მან ამ უფლების მოპოვების თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს ამ მოწვევის პარლამენტს შეკრებისთანავე მიმართა, თუმცა ეს უფლება, მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ვერ მოიპოვა.