რეგლამენტის 29-ე და 51-ე მუხლები პირდაპირ ითვალისწინებს ფრაქციის წევრის გამოწვევის და მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევით რეგლამენტი არ დარღვეულა.
„რეგლამენტის 29-ე და 51-ე მუხლები პირდაპირ ითვალისწინებენ ფრაქციის წევრის გამოწვევის და მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იმ შემთხვევაში თუ არ არის კომიტეტის თავმჯდომარე ან პირველი მოადგილე, მოადგილე ან კომიტეტის შემადგენლობის 1/3 იწვევს კომიტეტის სხდომას. კომიტეტის ყველა წევრს შევხვდები ნებისმიერ დროს. ყველას მოვუწოდებ, რომ ჯერ დავიცვათ თამაშის წესები და გუნდურობა. ვილაპარაკოთ გუნდის შიგნით და ნებსით თუ უნებლიედ, ნუ დავასხამთ ჩვენი ოპონენტების, პოლიტიკური მტრის წისქვილზე წყალს. ჩვენ გუშინ არც ერთი სიტყვა არ დაგვიძრავს, არც პარტიის ხელმძღვანელს იმასთან დაკავშირებით, რომ საუბარი ყოფილიყო ვინმეს გარიცხვაზე. სიაზე და კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით გუშინ განხილვა არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ თითოეული კითხვა, რაც იმ კონკრეტული პერსონების მიმართ ისმევა. შეიძლება ვიღაცას დაუჭიროს პარლამენტმა მხარი, ვიღაცას - არა“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობითვის, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევით პროცედურა დაირღვა.