სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, გენდერულმა საბჭომ ინიციატივის პრინციპები წარადგინა, რომლის თანახმადაც, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე რეაგირებას პოლიცია მოახდენს, სამუშაო გარემოში მომხდარ ფაქტებს კი, სახალხო დამცველის ოფისი შეისწავლის.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სახალხო დამცველი უნდა იყოს ის მექანიზმი, რომელიც რეაგირებს კერძო ან საჯარო დასაქმების ადგილას შევიწროების შემთხვევაზე, ხოლო თუ ასეთი მოქმედება საჯარო ადგილას ხდება, რეაგირება პოლიციამ უნდა მოახდინოს.
„სახალხო დამცველი უნდა იყოს ის მექანიზმი, რომელიც რეაგირებს კერძო, ან საჯარო დასაქმების ადგილას შევიწროების შემთხვევაზე, ხოლო თუ ღია სივრცეში ხდება, ანუ საჯარო ადგილას ხდება ასეთი ტიპის ქმედება, მაშინ ერთვება პოლიცია და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი დგება ასეთ შემთხვევაში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, ინიციატივა უწყებისთვის გამოწვევაა, ვინაიდან ამ მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერება იქნება საჭირო, თუმცა, მისივე თქმით, შსს ამ ინიციტივას მიესალმება.
„ეს არის ჩვენთვის გამოწვევა, ვინაიდან ამ მიმართულებით ჩვენ დაგვჭირდება შესაძლებლობების გაძლიერება, გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, გამომძიებელთა დატრენინგება ამ მიმართულებით, თავისთავად ცხადია, იქნება ასევე გამოწვევები მტკიცებულებათა შეგროვების კუთხით, თუმცა შსს მიესალმება ამ კანონპროექტს“, - აღნიშნა თოლორაიამ.
ინიციატივა კანონპროექტად დარეგისტრირდება და ამის შემდეგ, პარლამენტი მის განხილვას დაიწყებს.