15 დეკემბერს, სპორტკომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის დარბაზში „ფალავნობა 2018“ გაიმართება. წინასწარი შეხვედრები 09:00 საათზე, ხოლო საზეიმო გახსნა 15:30 საათზე დაიწყება.
ტრადიციული შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში ყოველ წელს ტარდება და მისი მიზანი სპორტის ეროვნული სახეობის პოპულარიზაციაა. საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა 1928 წლიდან იმართება. შეჯიბრება არაერთ ტიტულოვან სპორტსმენს აქვს მოგებული, მათ შორის ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებს.
ყველაზე მეტჯერ შეჯიბრების გამარჯვებული ალექსი დავითაშვილია, რომელმაც აბსოლუტური ფალავანის წოდება 8-ჯერ მოიპოვა. 2017 წლის ფალავნობის გამარჯვებული მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი გახდა. წლევანდელი ფალავნობა განსაკუთრებულია იმით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, იუნესკომ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ფალავნობა ჯამში 4 წონით კატეგორიაში ჩატარდება: 80, 90, 100, +100 კგ. ამის შემდეგ გამოვლინდება 2018 წლის აბსოლუტური ფალავანი. წონითი კატეგორიების გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზთან ერთად 3 000, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები შესაბამისად 2 000 და 1 000 ლარს მიიღებენ. აბსოლუტური ფალავანი 35 000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული სპორტსმენი 10 000, ხოლო მესამე ადგილოსანი 5 000 ლარს მიიღებს.