გაეროში მიღებული რეზოლუციით საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს ვერდიქტი კიდევ ერთხელ გამოუტანა, _ ამის შესახებ საქართთველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართული მხარის მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიღების შეფასების განაცხადა.
"გაეროს გენერალურ ასამბელეაზე ჩვენს მიერ წარდგენილ რეზოლუციას წინა წელთან შედარებით მხარდამჭერები კიდევ მოემატა, ხოლო რუსეთს ორი მხარდამჭერი მოაკლდა. ამ რეზოლუციის მიღებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს ვერდიქტი კიდევ ერთხელ გამოუტანა", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე შეფასებით, აღნიშნული რეზოლუცია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხრიდან კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გაეროს გენერალურმა ანსაბლეაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან / სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ".
რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება კონფლიქტების შედეგად საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის ძალისმიერი შეცვლის შესახებ.
გენერალურმა ასამბლეამ აღიარა "ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და დევნილის და მათი შთამომავლების უფლებები, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საკუთარ სახლებში დაბრუნების თაობაზე".
ასაბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნულია მათი საკუთრების შეძენაზე თავის შეკავების შესახებ.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გენერალური ასაბლეა დემოგრაფიული ვითარების ძალისმიერად შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევს.
კენჭისყრის მიხედვით რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 სახელმწიფომ, წინააღმდეგ მისცა ხმა 17-მა, ხოლო 86-მა სახელმწიფომ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.