საქართველოს სსრ რევოლუციური კომიტეტის 1921 წლის 28 აპრილის დეკრეტით საეკლესიო ქორწინებამ დაკარგა იურიდიული ძალა და შეიცვალა სამოქალაქო ქორწინებით. ამიტომ ჯვრისწერის საიდუმლოს დაუპირისპირეს „წითელი ქორწინების“ რიტუალი. ამავე პერიოდში შეიმუშავეს და გამოქვეყნდა სრულიად აბსურდულ-პაროდიული დოკუმენტი - „სექსუალური ქცევის კოდექსი“, რომელიც თორმეტი მუხლისა და დანართისაგან შედგებოდა:
მუხლი 1: პროლეტარიატს შორის სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში არ უნდა დაიწყოს;
მუხლი 2: აუცილებელია ქორწინებამდე სქესობრივი მოთხოვნილებების შეკავება. ქორწინება კი სოციალურ და ბიოლოგიურ მომწიფების პერიოდში, 20-25 წლის ასაკშია დასაშვები;
მუხლი 3: სქესობრივი კავშირი მხოლოდ სიყვარულის ობიექტის მიმართ მრავალმხრივი სიმპათიებისა და მიჩვევის დასკვნითი ნაწილია;
მუხლი 4: სასიყვარულო აქტი მოცემულ მომენტში წყვილს შორის არსებული სიღრმისეული და რთული განცდების დაბოლოებაა;
მუხლი 5: სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს;
მუხლი 6: სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა დაუშვებელია. რაც შეიძლება ნაკლები მრავალფეროვნება;
მუხლი 7: სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური;
მუხლი 8: ყოველი სქესობრივი აქტისას გახსოვდეთ, რომ შეიძლება ბავშვი გაგიჩნდეთ – საერთოდ, ამ დროს იფიქრეთ შთამომავლობაზე;
მუხლი 9: სქესობრივი ობიექტის შერჩევა კლასობრივი რევოლუციის თანახმად, პროლეტარისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულებით უნდა მოხდეს;
მუხლი 10: სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფლირტი, თავის მოწონება, კეკლუცობა და სქესობრივი მოხიბვლის სხვა ხერხები;
მუხლი 11: დაუშვებელია ეჭვიანობა;
მუხლი 12: კლასს შეუძლია ჩაერიოს თავის წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ, ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას ხელს არაფერში შეუშლის, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარება.
დანართი - სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლის დახვედრის წესები: გახსოვდეთ, რომ ქმრის სამსახურიდან დაბრუნებისთვის ყოველდღე უნდა მოემზადოთ. ბავშვებიც მოამზადეთ – დაბანეთ, დავარცხნეთ და ლამაზად ჩააცვით. თქვენც მოწესრიგდით, სუფთა წინსაფარი გაიკეთეთ. სილამაზისთვის კარგი იქნება თმაზე ბაფთა მოირგოთ. ახალმოსულ ქმარს ლაპარაკს ნუ დაუწყებთ, გაიხსენეთ როგორ იღლება და ყოველდღიურად რამდენი რამის კეთება უწევს თქვენს გამო. ჩუმად ავახშმეთ, შემდეგ საშუალება მიეცით, გაზეთი წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკეთ“.
რა თქმა უნდა, ეს იყო სრული იდეოლოგიური გამოთაყვანება, რომელიც მიმდინარეობდა ,,კომუნისტური პარტიის ბრძნული ხელმძღვანელობითა” და პარტიული ლიდერების ქება-დიდების ფონზე. საბჭოური კოლექტივიზმი გულისხმობდა კომუნისტური პარტიის მიმართ, არა მხოლოდ უპირობო, არამედ ტაშის კვრით, მონური სიხარულით გამოხატულ მორჩილებას. დაიბადა ახალი ჯიშის არსება: საბჭოთა ადამიანი, რომელიც გართობისას, სექსუალური აქტის დროსაც კი ფიქრობდა და ოცნებობდა ,,მშობლიურ კომპარტიაზე”, კოლექტივზე, ქარხანაში შრომითს პროცესზე და, რაღა თქმა უნდა, ,,მსოფლიო იმპერიალიზმის ბუნაგის”, ამერიკისა თუ ,,ნატო”-ს ,,მშვიდობიანი ატომით” გადაბუგვაზე!“ - ზ. ოდილავაძე.
პირველი კომუნისტური ქორწინება 1924 წლის 22 მაისს გამართეს. ცერემონიალს წინ უძღოდა საფაბრიკო-საქარხნო პასუხისმგებელი მდივნის სიტყვა კომუნისტური ქორწინების შესახებ. „ამის შემდეგ გაიმართა ქორწინება და, როდესაც ნახეს, რომ ეს სულ უბრალოდ ხდება, არა ისე, როგორც ეს უწინ იყო, ხალხში მოისმოდა ხმები: რა კარგია კომუნისტური ქორწინება“.
ახალი საქორწინო ფორმის ძიებამ პარტია 50-იანი წლების ბოლოს მიიყვანა ე.წ. კომკავშირულ ქორწინებამდე, რომელსაც უწყობდნენ კომკავშირის აქტივისტებს, მაგრამ ისე როგორც 20-იან წლებში დაწყებული წითელი ქორწინებები, ესეც წარუმატებელი ღონისძიება აღმოჩნდა. კომკავშირის მე-13 ყრილობაზე საგანგებოდ იმსჯელეს ახალი საქორწინო რიტუალის შექმნის შესახებ. 1959 წლის 1 ნოემბერს ლენინგრადში გაიხსნა პირველი ქორწინების სასახლე. 1964 წლის 30 აგვისტოს ასეთივე სასახლე გახსნეს თბილისშიც. იუმორს ვერ უძლებს ის, რომ ეკლარის ქვით მოპირკეთებული შენობის გვერდითა კედელზე შესასვლელთან მეორე ბარელიეფს „ნათლობა“ ეწოდება: ყურძნის მტევნებით დამშვენებულ ქალ-ვაჟს შუაში ყრმა უყენიათ, ნათლიებს კი შრომისმოყვარეობის სიმბოლოები - ნამგალი და ხმალი უპყრიათ ხელში. ახალი საქორწინო რიტუალის შექმნასთან დაკავშირებით ქართულ პრესაში აღიძრა საკითხი ნიშნობის ძველი წესის აღდგენის შესახებ. ამ ტრადიციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა მთავარი იდეოლოგები აღნიშნავდნენ, რომ ნიშნობის ბეჭედში ჩვენი ახლაგაზრდობა ხედავს ქორწინების სიმტკიცის, ოჯახური კავშრის ურღვევობის სიმბოლოსო, ამოიტომაც იგი შეიტანეს ახალ საქორწინო რიტუალში.
ებრძოდნენ ჯვრებისა და სხვა რელიგიური დანიშნულების ნივთების ტარებასაც. მათ სანაცვლოდ წმინდა სახის კომუნისტური შემოთავაზება გაჩნდა: „ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, კომკავშირული ორგანიზაციის და სხვა საგმირო საქმეების ამსახველი ნიშნები. ეს ნიშნები აღნიშნავენ ადამიანთა გმირობას, მათ მამაცობას, გვაგონებენ გმირული შემართების დღეებს... ამიტომ, ამ ნიშნების ნაცვლად, რელიგიური რელიკვიების ტარება უნდა მოვიჩნიოთ უპატივცემულობად, ჩვენი ცხოვრების წესისთვის შეუფერებლად. ამიტომ ასეთი ჩვეულება მთელი სიმკაცრით უნდა იქნას დაგმობილი“ - დ. გეგეშიძე.
მიუხედავად ამდენი მცდელობისა, მიუხედავად პარტიის იდეოლოგიური სამსახურის ასეთი თავგანწირული ფანტაზიორობისა და მცდელობისა, მიუხედავად მთავრობის მრავალგვარი ღონისძებისა, „გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ტრადიციებისა და რიტუალების შეცვლას ყოფის ახალი ფორმებით განსაკუთრებული წარმატება არ მოჰყოლია“ - ასეთი იყო დეკლარირებული დასკვნა - მ. გუგუტიშვილი.
ტოტალიტარული სახელმწიფო მაინც ვერ ისვენებდა. 1975 წლის ნოემბერში მიღებულ დადგენილებაში „მავნე ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ“ აქცენტები დასმული იყო კონსერვატიულად, ანაქრონიზმად ქცეულ ზოგიერთ ადათზე, რომლებიც, კომუნისტების აზრით, შეურიგებლად ეწინააღმდეგებიან სოციალისტურ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ამის გამო შეფასებაც ამგვარი იყო: „რელიგიური წეს-ჩვეულებები გადმონაშთის სახით აქა-იქ დღემდე არსებობენ. კომუნიზმის მშენებლობის პირობებში რელიგიური გადმონაშთების წინააღმდეგ ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ისინი დიდ დაბრკოლებას წარმოადგენენ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მიერ დასახული ამოცანის განხორციელებაში, რომელიც ითვალისწინებს მშრომელთა ფართო მასებში კომუნისტური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას და მათ აღზრდას მარქსისტულ-ლენინური თეორიის მტკიცე საფუძველზე“ - იზ. ჩხარტიშვილი.
საბა მეტრეველი, ჯი-ეიჩ-ენი